საავტომობილო გზების დეპარტამენტი
პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან ერთად ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო პროცესს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან ერთად ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო პროცესს გაეცნო
10 ივლ, 2019 17:43:13

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე , ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტებთან  ერთად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ბათუმის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე იმყოფებოდნენ.

პრემიერ მინისტრსა და სტუდენტებს, საშუალება ჰქონდათ ხიდების, გვირაბის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაცნობოდნენ. პროექტის ინჟინერმა, სტუდენტებს ბათუმის შემოვლით გზაზე მიმდინარე და დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაუკეთა და სტუდენტების მიერ პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ბათუმის შემოვლით გზის 13 კმ-იან მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2018-2020 წლებია.

სტუდენტების ვიზიტი სამშენებლო ობიექტებზე შემდგომშიც გაგრძელდება და დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ საავტომობილო გზების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნონ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: