საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქვეშეთი-კობის პროექტი

პროექტის აღწერა

ქვეშეთი-კობის გზაზე, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.  სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ქვეშეთი-კობის გზა მიყვება თეთრი არაგვის კალაპოტს 7  კმ. სიგრძის მონაკვეთზე. გადის სოფ. არაკვეთს, შემდეგ ქვემო მლეთასთან იწყება სერპანტინი. გზა კვეთს გუდაურს, გადადის ჯვრის უღელტეხილს და მთავრდება სოფ.კობთან. პროექტის ზემოქმედების ზონაში ხვდება სულ 9 სოფელი.

გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის,  გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს. გზა ასევე გაუუმჯობესებს ხეობაში დარჩენილ მოსახლეობას საარსებო პირობებს, რომელიც ამ დროისთვის ზამთარში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს,  ხადას ხეობის სოფლები თითქმის დაცლილია. ხეობაში არ არის სასურსათო მაღაზია, აფთიაქი, არ არის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება. უგზოობის და მძიმე ზამთრის პირობებში მოსახლეობას ფეხით უხდება ჩამოსვლა ქვეშეთში, რაც საკმაოდ ბავრ სირთულესთან და რისკთან არის დაკავშირებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხეობის ზედა სოფლებში ძირითადად შუახნის და ასაკოვანი მოსახლეობაა შემორჩენილი, მათთვის ზამთარში ამ გზის გავლა განსაკუთრებით რთულია.

პროექტი საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ მოძრაობის უწყვეტობა ზამთრის პერიოდში, გავაუმჯობესოთ გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა, შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი და გადაადგილების დრო. გზა გაუადვილებს ადგილობრივ მოსახლეობას კავშირს გარე სამყაროსთან. გზის არსებობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს მოსახლეობის დაბრუნებას ხეობაში, მცირე ბიზნესის განვითარებას და ხეობის გაცოცხლებას.

რუსეთის ფედერაციასთან ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდგომ, აღნიშნული გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები (თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვა), ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები, რის შედეგადაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა ავტოტრანსპორტის ინტენსივობამ და მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში უფრო მეტად გაიზარდოს სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ტვირთბრუნვა.

საქართველომ დახმარების თხოვნით მიმართა აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობი) საგზაო პროექტის ღირებულების საკითხზე. აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება გადახდებისთვის ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში. სავარაუდო გრაფიკის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 2018 წლის ბოლოს და დასრულდება 2022 წელს.

 

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის ვიდეო >>>>

 

ფაქტობრივი ინფორმაცია - ქვეშეთი-კობის გზის პროექტი >>>>

 

ხშირად დასმული კითხვები >>>>

საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: