ირაკლი ქარსელაძე - გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იან მონაკვეთს წლის ბოლომდე გავხსნით
ირაკლი ქარსელაძე - გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იან მონაკვეთს წლის ბოლომდე გავხსნით
02 დეკ, 2022 14:46:23

„მიუხედავად გამოწვევებისა და შეფერხებებისა, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთზე. ძალიან  მნიშვნელოვანი მონაკვეთია, სადაც სამუშაოების პროგრესი წლის ბოლოსთვის უკვე 70%-ს გადააჭარბებს. მეტიც, წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს 4 ზოლიანი 5 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გრიგოლეთი-ქობულეთის საგზაო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი მონაკვეთია, ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთი ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

ახალი მონაკვეთი კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტსაც უზრუნველყოფს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე გაეცნენ.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: