მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური და ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც საავტომობილო მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამ დროისთავის პრობლემა აღმოფხვრილია და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
ძლიერი წვიმის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 37-ე კმ-ზე, გზის პირას ფერდი ჩამოიშალა და გზა გადაკეტა.ოპერატიულად ჩატარებული სამუშაოს შედეგად, საავტომობილო მოძრაობა 3 საათში აღდგა.
წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე მარნეული-სადახლოს გზის 25-ე კმ-ზე. ნიაღვრის შედეგად ჩამოტანილმა მასამ საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. ამ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრობა უკვე აღდგენილია ორმხრივ რეჟიმში.