საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
06 ივნ, 2018 15:16:29

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი საგზაო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადგილობრივ დონეზე მართვის საკითხები განიხილეს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ირაკლი ქარსელაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო უსაფრთხიების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. საგზაო ინფრასტრუქტურის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, დეპარტამენტი გეგმავს მოამზადოს ახალი კანონ-პროექტი საავტომობილო გზების შესახებ. ეს დოკუმენტი დაარეგულირებს საავტომობილო გზების სტანდარტების ზოგად პრინციპებს, ასევე - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემებს.

შეიქმნება ერთიანი სტანდარტი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმართულებით. საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებისას, ყურადღება გამახვილდება საქალაქთაშორისო გზებზე უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებაზე. კანონპროექტის შემუშავებაში ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, დარგის სპეციალისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო  ექსპერტები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: