საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გაეცნო.
ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 15.2 კმ-იან მონაკვეთზე გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი, 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის, 44 მიწისქვეშა გასასვლელისა და რკინაბეტონის წყალგამტარი მილის მშენებლობა.
ამ დროისათვის მიწის სამუშაოები, ასევე წყალგამტარი მილების, რკინა-ბეტონის ხიმინჯების, კოლონების, რიგელებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა. სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 71.1 მილიონ ლარსა და 22.1 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტზე 280 ადამიანია დასაქმებული.