დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ქუვეიტურ კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“–ს შორის აგარა-ზემო ოსიაურის 12–კმ–იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
აღნიშნულ ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ, “Copri Construction Enterprises W.L.L“-ის საქართველოს ფილიალის დირექტორებმა ალა აკდაგმა და ამირან მამუჭაძემ მოაწერეს ხელი.
აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ19-კმ31) მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მის მშენებლობაზე 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში ქუვეითურმა კომპანიამ “Copri Construction Enterprises W.L.L“-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა – სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვე.
პროექტის ფარგლებში, აშენდება 4–ზოლიანი ცემენტ–ბეტონის საფარიანი გზა. ასევე, განხორციელდება ხელოვნური ნაგებობების: 2 სატრანსპორტო კვანძის, 4 სახიდე გადასასვლელის, 20 წყალგამტარი რკინაბეტონის მილისა და 3 სამეურნეო გასასვლელის მშენებლობა.
ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში კონტრაქტორი კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აგარა-ზემო ოსიაურის გზაზე სამშენებლო ბაზის მოწყობასა და სამშენებლო ტექნიკის მობილიზებას დაიწყებს.