საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
10 დეკ, 2023 10:05:29

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევის პროფესიულ დღეს ულოცავს ამ დარგში მოღვაწე ყველა ადამიანს, ვინც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსებულ მეგზევეთა პროფესიულ დღეს 10 დეკემბერს აღნიშნავს.

მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, გამორჩეულად წარმატებული იყო 2023 წელი ჩვენთვის, რაც მიმდინარე პროექტების შედეგებშიც გამოიხატა. დეპარტამენტი, მიმდინარე წელს, ჯამში, 280-მდე პროექტს ახორციელებდა, საიდანაც  163 პროექტი დასრულებულია.

მიღწევებზე მეტყველებს წლევანდელი ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებაც.

2023 წელი განსაკუთრებული იყო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში მიღწეული შედეგებით. საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 430 კმ-დან 267 კმ უკვე გახსნილია და პარალელურად, სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 71 კმ-ზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა  რიკოთის მაგისტრალური გზის ხევი-შორაპნის 27 კმ-იან მონაკვეთზე. დარჩენილ 2 მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისათვის, პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი, საიდანაც 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. 97 ხიდიდან აშენებულია 83 ხიდი და 65 ხიდზე მოძრაობა უკვე გახსნილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაიჭრა რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელური, ყველაზე გრძელი 1800 მ-ის სიგრძის გვირაბი.

მოძრაობა გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის 6 კმ-იან მონაკვეთზე და საერთო ჯამში, 14 კმ-იანი მაგისტრალის 11 კმ-იან 4 ზოლიან გზაზე ტრანსპორტი უკვე მოძრაობს. დარჩენილ 3 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მომავალ წელს დასრულდება.  

გაიხსნა კახეთის მიმართულებით, ვაზიანის შემოვლითი გზის 4 კმ-იან მონაკვეთიც, რომელიც თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის შემადგენელი ნაწილია.

წარმატებით მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიული პროექტიც, სადაც, 9 კმ-იან გვირაბის 8.1  კმ  უკვე გაჭრილია.

პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები.  2023 წელს, სამუშაოები მიმდინარეობდა 1 022 კმ. გზაზე, საიდანაც წლის ბოლომდე დასრულდება 500 კმ-მდე  გზის რეაბილიტაცია. ასევე, დასრულდა 31 ნაპირსამაგრი სამუშაო, საერთო სიგრძით 29 კმ-მდე.

გამოწვევებით სავსე წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში ჩართულ თითოეულ ადამიანს, მათ შორის, გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, პარტნიორ სამშენებლო, საზედამხედველო და საპროექტო ორგანიზაციებს, რომლებსაც თავიანთი განუზომელი შრომით წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითრებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გილოცავთ მეგზევის პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: