ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება
23 აგვ, 2023 11:36:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, სამშენებლო ობიექტზე ყრილის მოწყობა, სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და კერძო ნაკვეთებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის რკინა-ბეტონის სარწყავი არხების მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორსა და მიმდებარე სოფლებში გავლა. სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.

ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას, არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 87.8 მილიონ ლარს შეადგენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: