გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.
ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.