შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი (კმ5-კმ10.3) მონაკვეთის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა, ადგილობრივი დასახლების პარალელურად ერთმანთთან აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალსა და სენაკი-ჩხოროწყუ-წალენჯიხა-ზუგდიდის გზების ქსელს. შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით.
არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად მოგვარდება არსებული პრობლემები, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები და გაბიონის კედლები. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპვილიონის, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 434 716 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.