ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41 კილომეტრი სიგრძის ორზოლიანი მონაკვეთი აშენდება
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41 კილომეტრი სიგრძის ორზოლიანი მონაკვეთი აშენდება
17 ოქტ, 2018 14:22:44

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41.3 კმ-იანი 2 ზოლის მშენებლობას იწყებს.

დღეს მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ქართულ და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ ატაშეებს პროექტის სატენდერო პირობები გააცნეს.

არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე მოხდა მისი გაცალმხრივება.

ახალი 2 ზოლის აშენებით კი, ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.

 „ეს გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ფუნქციონირება ორივე მიმართულებით მოძრაობის რეჟიმში მნიშვნელოვანია როგორც საგზაო უსაფრთხოების, ასევე მაგისტრალის სრულფასოვნად ფუნქციონირების კუთხით. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ამ პროექტის დაფინანსება. დღეს მოვიწვიეთ ქართული და საერთაშორისო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დიპლომატიური ატაშეები, მათ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია სატენდერო პირობებისა და პროექტის შესახებ. ასევე, ვთხოვეთ ინფორმაცია მიაწოდონ თავისი ქვეყნის კომპანიებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტის გზა. ამასთან, მივესალმებით თუ ქართული კომპანიები შეძლებენ სატენდერო პირობების დაკმაყოფილებას და მიიღებენ მონაწილეობას პროექტში,“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ცქიტიშვილმა.

ქუთაისის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია. პროექტი დაყოფილია 4 ლოტად,  რაც მეტ კომპანიას მისცემს ტენდერში მონაწილეობის საშუალებას.

ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების სავარაუდო ვადა 2020 წლის შემოდგომაა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, საინფორმაციო სახის შეხვედრები სამშენებლო კომპანიებთან აქტიურად ტარდება. კონტრაქტორი ორგანიზაციები და დაინტერესებული ჯგუფები, წინასწარ იღებენ დეტალურ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი ტენდერის, ინოვაციისა თუ დაგეგმილი ცვლილების შესახებ.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი გარკვეულწილად უპრეცედენტოა, ვინაიდან  საუბარია 41 კმ-იან გზაზე, რომელსაც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ახალი 2 ზოლის მშენებლობაზე, აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან, მაგრამ მოგეხსენებათ, მათ თავიანთი პარამეტრები და კვლევები აქვთ, რაც არსებული მოძრაობის ინტენსივობას და სხვა კომპონენტებს მოიცავს. ამიტომ, მათი მხრიდან იმთავითვე დაფინანსდა მხოლოდ ორზოლიანი გზის მშენებლობის პროექტი, შესაბამისად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დამატებითი ახალი ორზოლიანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“ - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

ტენდერი, ოთხივე ლოტზე, უახლოეს დღეებში გამოცხადდება და კომპანიებს წინადადებების წარმოსადგენად 30 კალენდარული დღე ექნებათ

 

პრეზენტაცია ქუთაისის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის შესახებ 

პრეზენტაცია ქუთაისის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის შესახებ  >>>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: