მლეთაში ქვეშეთი-კობის პროექტზე გზშ-ის საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა
მლეთაში ქვეშეთი-კობის პროექტზე გზშ-ის საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა
07 სექ, 2018 15:58:17

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,  ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, მლეთაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და პროექტის შესახებ მათი მოსაზრებების წარმოდგენა იყო.

შეხვედრაზე, პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია კომპანია „გამა“ კონსალტინგმა წარადგინა. პროექტის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

განხილვაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და განსახლების სპეციალისტები, ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

ყველა წარმოდგენილი წინადადება დეტალურად გაანალიზდება და შესაძლებლობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ანგარიშში აისახება.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 22.7 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

პროექტის განხორციელების შედეგად, მივიღებთ უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის,  გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

გზა ასევე გააუმჯობესებს ხეობაში დარჩენილი მოსახლეობის საარსებო პირობებს, რომელიც ამ დროისთვის ზამთარში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს და ხადას ხეობის სოფლები თითქმის დაცლილია.

ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: