საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას ახორციელებს.
ამ დროისათვის გვირაბის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება 1,7კმ-იანი სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ იქნება. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ფერი“. სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.
შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა.
პროექტის ღირებულება 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.