საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 14 კმ–იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიასთან - „IRD ENGINEERING”-თან ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მაია ქალიაშვილმა და „IRD ENGINEERING”-ის დირექტორმა პაოლო ორსინმა მოაწერეს.
საზედამხედველო მომსახურების ღირებულება 4 964 791 აშშ. დოლარი და 3 643 680 ლარია. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.
პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონიოს გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან.