საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV მონაკვეთზე განსახლების პროცესთან დაკავშირებით
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV მონაკვეთზე განსახლების პროცესთან დაკავშირებით
08 სექ, 2015 00:00:00

სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV მონაკვეთის - 9,5 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია და ის მშენებლობის არეალში განსახლების პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება.

აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელი გახდა კერძო მესაკუთრეებისაგან მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამ დროისათვის, პროექტის ფარგლებში გამოსყიდულია 96 მიწის ნაკვეთი. მესაკუთრეთა ნაწილი აგვარებს ქონების რეგისტრაციის საკითხებს, ნაწილთან კი შეთანხმება ვერ შედგა.

აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთის ღირებულებაზე 8-10-ჯერ მეტია.

კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრულია დონორი ორგანიზაციის - ევროპის საინვესტიციო ბანკის განსახლების პოლიტიკის შესაბამისად (2014 წელს) და ის ორიენტირებულია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობისა და ქონების ობიექტური შეფასების პრინციპებზე.

განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით შეფასებულია სხვადასხვა კომპონენტი: სახნავ-სათესი ნაკვეთი - 3 ლარი კვადრატული მეტრი; საკარმიდამო ნაკვეთი - 4 ლარი კვადრატული მეტრი; არასასოფლო დანიშნულების ნაკვეთი - 5 ლარი კვადრატული მეტრი; ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების კომპენსაციის თანხა; შენობა-ნაგებობების შეფასების საკომპენსაციო თანხა (მათ შორის, ძველი ნაგებობები და ღობეებიც კი შეფასებულია აშენებისათვის საჭირო დანახარჯების გათვალისწინებით); იმ მოსახლეებზე, რომელთა საერთო ფართობის 20%-ზე მეტი ექცევა პროექტის ზემოქმედების არეალში დამატებით გაიცემა 915 ლარის ოდენობის კომპენსაცია; სოციალურად დაუცველი მოქალაქის სტატუსის მქონე მესაკუთრეზე გაიცემა დამატებით 915 ლარის ოდენობის კომპენსაცია. აღნიშნული კომპონენტების საერთო ოდენობისა და ღირებულების განსაზღვრის შედეგად დგინდება თითოეული მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით ასანაზღაურებელი თანხა.

უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით, მესაკუთრეებისგან თანხმობის მისაღწევად საავტომობილო გზების დეპარტამეტმა მის ხელთ არსებული მედიაციის ყველა რესურსს მიმართა. კომპეტენტური პირების მიერ შეხვედრების ორგანიზების, სიტყვიერი და წერილობითი სახით მოსახლეობის დეტალურად ინფორმირების შემდეგ, კომპენსაციის მიღებაზე უარის შემთხვევაში მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ  განსახორციელებელი პროექტების საყოველთაო მნიშვნელობის თაობაზე. ასევე,  კიდევ ერთხელ მიეწოდათ პროექტების ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ.

ამავე შეტყობინებით მესაკუთრეებს ეცნობათ, რომ მათი უარის შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავს სასამართლოს.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო არეალში მოქცეული კერძო საკუთრებების მფლობელებს კომპენსაციის მიღების შემდეგაც შეუძლიათ, სასამართლოს გზით იდავონ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის შეფერხების გარეშე დაიცვან საკუთარი მოთხოვნები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: