საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
29 ივლ, 2014 00:00:00

იმერეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა.  სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნული გზის ორ მონაკვეთზე (კმ25-კმ34; კმ36; კმ43-კმ45) ხორციელდება და ერთობლივად 13.8 კილომეტრს შეადგნს.

გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის მეშვეობით, 10-ზე მეტი სოფელი და 15 000-მდე მოსახლე დედაქალსა და დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოს უმოკლესი გზით უკავშირდება. აღნიშნული მონაკვეთი, რიკოთის საუღელტეხილო გზის დაკეტვის შემთხვევაში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის  დამაკავშირებელ  ალტერნატიულ გზის ფუნქციას ასრულებს.

გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთის (კმ25-კმ34; კმ36; კმ43-კმ45) სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ფინ-ესტატე“ ახორციელებს და მისი ერთობლივი ღირებულება შეადგენს 8,439 ათას ლარს. სამუშაოებზე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეა. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ამ დროისათვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს დაზიანებული საფარის ამოჭრა-შევსება, საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა, რეციკლირება, საგზაო ვაკისის გამაგრება, მილების სათავისების მოწყობა, ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეზიდვა. პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის მოწყობას, არსებული წყალგამტარი მილების გაწმენდას, შეკეთებას და ახალი მილების, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, გაბიონების საყრდენი კედლების დამონტაჟებას, ხიდებზე სარემონტო სამუშაოების და ავტოპავილიონების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას, საგზაო ნიშნების და მაჩვენებლების დაყენებას, გზის საფარზე ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მონიშვნას.

საავტომობილო გზის რეაბილტიაცია ხელს შეუწყობს გზებზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას, დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: