საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
09 ივლ, 2014 00:00:00

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე დღეს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ სიტუაცია განმუხტულია, მიწის მესაკუთრეებმა, რომლებიც კომპენსაციის მიღებას მოითხოვდნენ, აქცია დაშალეს, გზის სამშენებლო სამუშაოები კი გაგრძელდა. 

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, ხაზი გაუსვას რამდენიმე საკითხს, რომელიც ამ საქმეში მეტ სიცხადეს შეიტანს.   

მიწის ნაკვეთები, რომელთა მფლობელები ახლა კომპენსაციას მოითხოვენ, მათ 2012 წლის ივლისსა და სექტემბერში, პირდაპირი მიყიდვის წესით, კვადრატული მეტრი 7 თეთრად დაუკანონდათ. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს განახორციელა იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომელიც იქამდე კერძო საკუთრებაში არ ყოფილა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის არეალში იყო მოქცეული და პრივატიზებას არ უნდა დაქვემდებარებოდა. 

იმის გამო, რომ ამ ქმედებაში კანონდარღვევისა და კორუფციის ელემენტები იკვეთება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მიწების ძირითადი ნაწილი მაშინდელ მაღალჩინოსნებზე გასხვისდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქმე პროკურატურას გადასცა.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მშენებლობა-მოდერნიზაციის სამუშაოებს, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  მსოფლიო ბანკი აფინანსებს, რომლის პოლიტიკის შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული იმ მიწებზე კომპენსაციების გაცემა, რომელიც კერძო საკუთრებაში მშენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ იქნა გადაცემული. არც ერთ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც დადგინდება გზის მშენებლობის არეალი, აღარ ხდება ამ მიწების პრივატიზება და შემდგომ უკან გამოსყიდვა, მით უმეტეს რომ ამის შესახებ აკრძალვა არსებობს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებით. აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მესაკუთრეთა აღწერა 2011 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად, ამ პერიოდისათვის უკვე ცალსახად იყო  ცნობილი გზის მშენებლობის არეალი და სახელმწიფო უწყებების მიერ არ უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიაზე მდებარე მიწების გასხვისება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა პროექტის დამფინანსებელ მსოფლიო ბანკს, გაეთვალისწინებინა ახლადშექმნილი გარემოება და პრობლემის მოგვარების გზების შესახებ ემსჯელა.

საბოლოო გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ მსოფლიო ბანკის დასკვნის შედეგად იქნება მიღებული.

წყარო: mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: