დღეს სამტრედია–გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11.5 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობა გახსნის ღონისძიება გაიმართა.
მშენებლობა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით შავლიაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციის - ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მშენებელი უკრაინული კომპანია „ალტკომი“–ს წარმომადგენლები.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა საქართველოს ძირითადი სატრანზიტო დერეფნის - E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. მშენებლობა, პირველ ეტაპზე იწყება 1 ლოტზე, რომლის სიგრძე 11.5 კმ-ია. აღსანიშნავია, რომ პროექტში დასაქმებული მუშახელის 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
პროექტით გათვალისწინებულია ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა, 26 მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მოწყობა, 8 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 3 ხიდისა და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი- ესტაკადისა.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის I ლოტი გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლები, გორმაღალა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: I მაისი, გაუწყინარი.
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. ახალი გზა, ამ მონაკვეთზე გასავლელ მანძილს 45%-ით შეამცირებს. მოძრაობა გახდება კომფორტული, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაადვილდება ტრანზიტი.
პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM”. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარია, სამშენებლო პერიოდი კი 30 თვეს მოიცავს.