23 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის და გაეროს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კვირეულის გახსნა კონფერენციით აღნიშნა. კონფერენციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე, ვაჟა ფანჩულიძე დაესწრნენ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ, საგზაო უსაფრთხოების თემაზე, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
კონფერენციაზე მოხდა საგზაო უსაფრთხოების ერთწლიანი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის “გზა დაუთმე ქვეითს!” პრეზენტაცია. პროექტის მიზანია მძღოლებისა და ქვეითების ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების საკითხებში და ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაშავებულობის შემცირება.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მთავარი გზავნილია – “საგზაო უსაფრთხოება არ არის შემთხვევითი”, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო სექტორების აქტიური ჩართულობითა და მჭიდრო თანამშრომლობით.