თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის თიანეთი-ზარიძეების კმ1-კმ9 მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
აღნიშნული გზის მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა ფანჩულიძე, ადგილზე გაეცნო.
თიანეთი-ზარიძეების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გასული წლის სექტემბერში დაიწყო, პროექტის ფარგლებში განხორციელდა: 3 ხიდის რეაბილიტაცია, რკინა-ბეტონისა და გოფრირებული წყალგამტარი მილების, სანიაღვრე ქსელის, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სასიგნალო ბოძკინტების, ასევე, ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეების საავტომობილო გზის საფარი დანამატებით გაუმჯობესებული მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის ნარევით მოეწყო. გზის რეაბილიტაციისას, ასფალტის ზედა ფენებს შორის შეჭიდულობის გაზრდის მიზნით, გამოყენებული იქნა ახალი ტექნოლოგია, კერძოდ ასფალტ-ბეტონის საფარის ფენების ბაზალტის ბოჭკოს ბადით გამაგრება.
ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის დასუფთავების, ჰორიზონტალური მონიშვნისა და უსაფრთხოების ნიშნების მოწყობის სამუშაოები.