ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
04 აგვ, 2026 13:23:23

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა) – ალპანა – მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა, რაც გზის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელია.

მიმდინარე წლის 1 მაისს, ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. არსებული ვითარების შესაფასებლად და შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების მისაღებად პროცესში ჩართული იყვნენ გეოლოგები, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დარგის სპეციალისტები.

სამუშაოების პარალელურად, მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომელზეც უკვე დაგებულია ასფალტის საფარი. აღნიშნული მარშრუტი ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად გადაადგილდნენ.

მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მათი დასრულების შემდეგ ქალაქ ონის შესასვლელთან საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი სრულად აღდგება და მნიშვნელოვნად გაიზრდება გადაადგილების უსაფრთხოება.

2026 წლის 11 ივლისიდან, სამშენებლო სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით სპეციალურად მოწყობილ შემოვლით გზაზე ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: