Search

27 მაისი, 2010


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს განმუხურსა და ანაკლიას ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა მდინარე ენგურზე ახლადაშენებული ხიდი გახსნა, რომელიც ანაკლიასა და განმუხურს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი 360 მეტრია და  4 თვის განმავლობაში შენდებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. მასზე პირველმა საქართველოს  პრეზიდენტმა გაიარა.


ხიდის გახსნას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო.


მდინარე ენგურზე გაიხსნა 13 მალიანი ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 360 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 8 მეტრი. ახალი ხიდის მშენებლობა ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


ხიდის არარსებობის გამო, სოფელ ანაკლიასა და განმუხურს შორის საავტომობილო მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას ავტოტრანსპორტით 20 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა უხდებოდა. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდია რეგიონში. ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე 200 ადამიანი იყო დასაქმებული.


სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა ქართული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ზიმო”. სამუშაოები ხორციელდებოდა მთავრობის განკარგულებით (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით).

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player