Search

13 მარტი, 2009


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსის მე-2 სართული), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საგზაო დარგის უახლეს ტექნოლოგიებს გააცნობენ.

გაიმართება იმ ნოვაციების პრეზენტაცია, რომლებიც 17 თებერვალს, საერთაშორისო კონფერენციაზე, უცხოური, მძლავრი კომპანიების დელეგაციებმა წარმოადგინეს.

საგზაო დარგის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიხედვით, სამივე მხარე, მომავალში, ერთობლივად გაატარებს ღონისძიებებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელების ახალი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის, სასწავლო პროცესის უფრო ხარისხიანად წარმართვისა და დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით.  

მემორანდუმის თანახმად დეპარტამენტი ხელს შეუწყობს:

• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების სპეციალობის სასწავლო-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციას;
• საავტომობილო გზების, ხიდების და გვირაბების სპეციალობის სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლას დეპარტამენტში;
• კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს შუამდგომლობას და ხელს შეუწყობს საავტომობილო გზების, ხიდების და გვირაბების სპეციალობის სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლას კონტრაქტორ სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციებში.

ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას:
 
• მოამზადოს მაღალი დონის სპეციალისტები საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით, რისთვისაც ყოველმხრივ აქტიურად გამოიყენებს საზღვარგარეთულ გამოცდილებას, როგორც სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით, ისე სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შესახებ სტუდენტებისათვის ცოდნის მიწოდების მხრივ;
• აღნიშნული მიზნის რეალიზაციისათვის მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრები იმუშავებენ ქართულენოვანი სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის შექმნაზე, რომელშიც აისახება საგზაო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების უახლესი მსოფლიო მიღწევები.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player