Search

28 მარტი, 2009


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, სამეგრელოს რეგიონში, სოფელ სუჯუნში, აბაშა-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის 24 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.
 
აღნიშნულ მიმართულებაზე, საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გერმანული ტექნოლოგიით დაგებული ბეტონის გზა გურიასა და სამეგრელოს ერთმანეთთან დააკავშირებს.
,,აი ეს არის ჩემი ოცნების გზა საქართველოს სოფლებისათვის. კარგი გზით მივალთ საქართველოს ყველა სოფელში, რადგან ეს ასაქმებს ხალხს და სხვანაირი ცხოვრება მოაქვს სოფლებში’’ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობით, დასრულდება 2009 წელს. აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით  - ,,აღნიშნულ გზაზე დასაქმდება დაახლოებით 150 კაცი, რომელთაგან უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.’’

2009-2010 წლებში მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ 130 კმ. საავტომობილო გზებზე ექსპერიმენტული ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით), რომლის ექსპლუატაციის ვადა 30-35 წელია.,,ანალოგიური გზების მშენებლობა უკვე დაწყებულია აჭარის რეგიონში. ასევე, ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყება საქართველოს ყველა რეგიონში’’ – განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player