საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე, მდინარე ენგურზე ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოებს.
მდინარე ენგურზე მიმდინარეობს 13 მალიანი ხიდის მშენებლობა, რომლის მთლიანი სიგრძე 360 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 8 მეტრი. ახალი ხიდის მშენებლობა ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
"ხიდის არარსებობის გამო, სოფელ ანაკლიასა და განმუხურს შორის საავტომობილო მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას ავტოტრანსპორტით 20 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა უხდებოდა. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდია რეგიონში, სამუშაოები სამ თვეში დასრულდება. ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე 200 ადამიანია დასაქმებული" - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქართული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ზიმო". სამუშაოები ხორციელდება მთავრობის განკარგულებით (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით).