Search

18 თებერვალი, 2010


დღეს საქართველოში დაბრუნდა დელეგაცია, რომელიც დონეცკის ოლქის საავტომობილო გზების სამსახურის ოფიციალური მიწვევით ორ დღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდნენ.

 

 

ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზია იმყოფებოდნენ. დონეცკის ოლქში მათ საგზაო, სამშენებლო და სამრეწველო კომპანიები დაათვალიერეს. ასევე, მოლაპარაკებები გაიმართა ადგილობრივი მთავრობის წევრებთან. მხარეებმა საგზაო სექტორში არსებულ მიღწევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს სიახლეები გააცნეს.

 

 

ქართულ და უკრაინულ მხარეს შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და დონეცკის ოლქის საავტომობილო გზების სამსახურის ხელმძღვანელმა გენადი სავჩენკომ მოაწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ უკრაინაში და საქართველოში გამართულ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სტუდენტები სტაჟირებას უკრაინაში გაივლიან და საგზაო ინფრასტრუქტურაში არსებულ სიახლეებს გაეცნობიან.

 

 

შეხვედრაზე დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა დეტალურად გააცნო უკრაინელ კოლეგას საქართველოში საგზაო სექტორში არსებული სიახლეები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გაიმართება და დეტალურად განიხილავენ სამომავლო პროექტებს, რომლებზეც ქართული და უკრაინული მხარე თანამშრომლობას გადაწყვეტენ.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player