Search

7 მაისი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრება ქ. ქუთაისში გუბერნიის შენობის საკონფერენციო დარბაზში გამართულ E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დაფინანსდება იაპონიის მთავრობის მიერ,  ხოლო განხორციელდება საერთაშორისო სააგენტო JICA-ს მიერ. პრეზენტაციას წარმოადგენს ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში მედგარ ჭელიძე.
 
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე, ზესტაფონის, ქუთაისისა და სამტრედიის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და არასამთავრებო ორგანიზაციები.
 
აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყებამდე, მოხდება გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა, რომელის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა უშუალო ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
 
პროექტით გათვალისწინებულია ზესტაფონისა და  ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა, ზესტაფონი-ქუთაისისა და ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთების მოდერნიზაცია. პროექტის განხორციელების შემდეგ ამ ქალაქებზე გამავალი მუნიციპალური გზები სატრანზიტო ნაკადებისაგან განიტვირთება.

აღნიშნული მონაკვეთი არის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი სექცია, რომელზეც ხორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძირითადი სატრანზიტო მოძრაობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის სიჩქარეები და მათი გადაადგილების უსაფრთხოება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player