Search

28 იანვარი, 2010


დღეს, 28 იანვარს 12 საათზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაემგზავრება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც  პირადად გაუწევს მონიტორინგს გზის გაწმენდით სამუშაოებს.

 


უნდა აღინიშნოს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ზამთრის პერიოდში გზებზე ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობისათვის საჭირო ღონისძიებებს სისტემატიურად ახორციელებს. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სისტემატურად იწმინდება გზები, რათა საქართველოს მოსახლეობას და უცხოელ ტურისტებს არ შეექმნათ ავტომანქანით გადაადგილების დროს რაიმე სახის დაბრკოლება გუდაურის მიმართულებით.

 


ამასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გაუმართავი და გაცვეთილი საბურავების მქონე ავტოტრანსპორტით მოძრაობისაგან. ასევე, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები,  დაემორჩილონ მოძრაობის დაწესებულ რეჟიმს და საგზაო სამსახურების მოთხოვნებს. მძღოლების დაუმორჩილებლობა გზის გაწმენდით სამუშაოებს აფერხებს და სატრანსპორტო საცობების შექმნას უწყობს ხელს.

 


ამ დროისთვის, ზვავსაშიშროებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის, მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძროაბა თავისუფალია.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player