Search

11 დეკემბერი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთი და ამავე გზის 113 კმ-ზე სახიდე გადასასვლელს გახსნიან.


აღნიშნულ მონაკვეთებზე, განხორციელდა გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.  გზაზე მოეწყო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტების (სადრენაჟო არხები), სანიაღვრე სისტემები. გადასასვლელ ხიდზე, რომლის საერთო სიგრძე 66 მეტრია, მოეწყო ტროტუარები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოაჯირებს, მოეწყო სარეგულაციო ნაგებობები, გაბიონები და მოხდა ბურჯების გამაგრება. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მისასვლელთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები.


გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეადგინა 1 მლნ. 970 ათასი ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „ამბროლაური ავტოგზა #10”-მა, ხოლო სახიდე გადასასვლელზე სამუშაოების ღირებულებამ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეადგინა 252 ათასი ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „ბესკო“-მ.


ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში საკეცია-ბუგეულის საავტომობილო გზის ცემენტ-ბეტონის 8 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაობს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.


აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. საკეცია-ბუგეულის საავტომობილო გზის 8 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყობა გზის საფუძველი და მასზე 18 სმ-იანი ცემენტო-ბეტონის საფარი. გაკეთდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველ წყალგამტარ არხებს. ასევე, განხორციელდება მიწის ვაკისის, კიუვეტების, საგზაო ნიშნების, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოები. ამჟამად, უკვე დაიგო 4 კმ ცემენტო-ბეტონის საავტომობილო გზა.


სამშენებლო სამუშაოებს ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობით ასრულებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი”. აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე ათობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდა. საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2010 წელს დასრულდება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player