Search

2 დეკემბერი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექციის, სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.


პროექტით გათვალისწინებულია ექვსი ხიდის მშენებლობა: გორის გზაგამტარის, ხიდის მდ. თორთლაზე, მეჯვრისხევის გზაგამტარის, ხიდის მდ. მეჯუდაზე, ცხინვალის კვანძისა და ხიდის მდ. ლიახვზე. ამათგან, ყველაზე მასშტაბური მშენებლობა არის ორი პარალელური ესტაკადა მდ. ლიახვზე, რომლის საერთო სიგრძე 880 მეტრია. ასევე, სვენეთი-რუისის მონაკვეთზე აშენდება ორი, პარალელური გვირაბი (თითო ორ ზოლიანი), რომლის საერთო სიგრძე – 800 მეტრია.


გვირაბი აშენდება ახალი, ავსტრიული ტექნოლოგიით, რაც ითვალისწინებს გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით. ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაში.


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის მონაკვეთზე მშენებლობა განხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის გამოყენებით, რომელიც  აპრობირებულია განვითარებულ სახელმწიფოებში და გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით.


ამ ეტაპზე ოთხ ხიდზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ: ბურჯების და ხიმინჯების მშენებლობა, განაპირა ბურჟების მოწყობა, ქვაბულის დამუშავება, წყალგამტარი მილების რეკონსტრუქციის სამუშაოები, ქ. გორის წყალმომარაგების სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე, დაიწყო მდ. ლიახვზე მარცხენა მიმართულებით არსებული ხიდის ნარჩენების გაწმენდითი სამუშაოები. ორივე გვირაბის აღმოსავლეთ-დასავლეთის პორტალამდე მიმდინარეობს მიწის ვაკისის სამუშაოები.


სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები გზების მშენებლობის ისტორიაში, ყველაზე რთული და მასშტაბურია საქართველოში. იგი საგზაო-სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია ამიერკავკასიაში. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player