Search

19 ოქტომბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგი თემაზე - ,,ჩქაროსნულ სატრანზიტო მაგისტრალებზე მომსახურებისა და დასვენების ობიექტების მოწყობა”. ასევე, წარმოდგენილი იქნება აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია. ბრიფინგს დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, ხოლო პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის” დირექტორი გიორგი ცაგარელი.


თანამედროვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების ერთიანი სისტემის განუყოფელ ნაწილს განვითარებულ სახელმწიფოებსა და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში წარმოადგენს - მომსახურებისა და დასვენების ობიექტები. მათი მნიშვნელობა რამოდენიმე გარემოებამ განაპირობა:


• მგზავრობისას მძღოლების დასვენების აუცილებლობით განპირობებულმა მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებმა;
• მრავლდარგიან მომსახურებაზე მგზავრთა და მძღოლთა მზარდმა მოთხოვნამ;
• საავტობუსო სადგურებისა და მძიმეწონიანი ავტომანქანების საკონტეინერო ტერმინალების ფუნქციონირებამ.


გარდა ამისა, მოთხოვნაა დაცულ ავტოსადგომებზე, ნავთობგასამართ მომსახურებაზე, სადიაგნოსტიკო და ავტოგასამართ მომსახურებაზე, სწარაფი კვების ობიექტებზე, სანიტარულ-პროფილაქტიკურ, საბანკო და ტელესაკომუნიკაციო, ტურისტულ-საინფორმაციო და ვაჭრობის მომსახურებაზე.
მნიშვნელოვანია მომსახურებისა და დასვენების ობიექტების ისეთი ფუნქციები, როგორიცაა რეგიონის სასოფლო-სამეურნეო, კვებისა და სუვენირ-ხელნაკეთობათა სხვა ადგილობრივი საქონლით ვაჭრობის ფუნქცია.


საქართველოზე გამავალი E-60 ავტომაგისტრალი (E-70 მაგისტრალთან ერთად)  ქვეყნის დასავლეთ-აღმოსავლეთ (ბათუმი-ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) ნაწილს აერთიანებს, ხოლო საერთაშორისო საავტომობილო გზების ქსელში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ძირითადი საერთაშორისო-სატრანსპორტო ფუნქციისა და ქვეყნის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პერქსპექტიული განვითარების მიზნით, იგეგმება E-60 ავტომაგისტრალის (E-70 მაგისტრალთან ერთად) მთლიანი ზოლის, აგრეთვე საზღვრისპირა და სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების მომსახურებისა და დასვენების ობიექტებით მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.


უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, დღესვე გამოცხადდება კონკურსი არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტის შესახებ. დასვენებისა და მომსახურების ობიექტების სისტემის სპეციალური შესწავლის, სტრატეგიული ბიზნეს გეგმის და საბოოლო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, განისაზღვრება განლაგების დეტალური სქემები და რამოდენიმე სტანდარტული ტიპის ობიექტები.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player