Search

12 ოქტომბერი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში საგზაო უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებებისა და ცვლადი საინფორმაციო ფარების პრეზენტაცია მოეწყობა, რომელსაც წარმოადგენს კომპანია ,,ჯეოვია”-ს დირექტოტი ნიკა გაბელაია.


პრეზენტაციას დაესწრებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი.


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მშენებარე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (დედაქალაქის შემოსასვლელიდან იგოეთამდე და იგოეთიდან თბილისამდე – ორივე მიმართულებით), უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგზაო საინფორმაციო დაფები დამონტაჟდა. გარდა ამისა, აღნიშნულ მონაკვეთზე 11 ადგილას დამონტაჟდა სხვადასხვა ზომის, (სულ 21 ერთეული) ელექტრონული საგზაო ნიშანი.


თბილისი-იგოეთის მონაკვეთზე იგეგმება 80-მდე ამერიკული წარმოების შუქამრეკლი საინფორმაციო ფარის განთავსება. აღნიშნული სამუშაოები ახალ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების უკეთესი უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. საგზაო ნიშნების დამონტაჟების სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, ხოლო წლის ბოლომდე აღნიშნულ მონაკვეთზე დასრულდება მეორე ეტაპის სამუშაოები.


იგეგმება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მართვის ცენტრის მოწყობა, საიდანაც გაკონტროლდება რიკოთის საუღელტეხილო და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობის უსაფრთხოების სისტემა. გარდა ამისა, გვირაბებში დამონტაჟდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგზაო ნიშნები და ელექტრონული სისტემა, კერძოდ: ჰაერის ხარისხის კონტროლი, ვენტილაცია, სახანძრო სისტემა, ელექტრო ენერგიის მიწოდება, ავტომატური ვიდეო აღმოჩენის სისტემა, ცვლადი საინფორმაციო ნიშნები, ნაკადის დამთვლელი დეტექტორები და საავარიო სატელეფონო სისტემა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player