Search

11 დეკემბერი, 2013


საგზაო დარგის წარმომადგენლებმა მეგზევის დღე აღნიშნეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების  ერთობლივი ორგანიზებით წელს მეგზევის დღე რეგიონში, კერძოდ, კახეთში აღინიშნა.

საგზაო დარგის წარმომადგენლები,  მეგზევის დღეს, ყოველ წელს თბილისში აღნიშნავდნენ. ახალი ინიციატივის მიხედვით კი, მომავალში  ეს ღონისძიება ქვეყნის  რეგიონებში ჩატარდება. ახალი ტრადიციის კახეთის რეგიონიდან დაწყება ლეგენდარული მეგზევის, გიორგი რობიტაშვილის სახელს უკავშირდება, რომელიც წარმოშობით კახეთიდან იყო.

48 წლის წინ,  სწორედ გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა საფუძველი მეგზევის დღის აღნიშნვის ტრადიციას. გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.  რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად წლის შედეგების შემაჯამებელმა  შეხვედრებმა 1965 წლიდან  ტრადიციის სახე მიიღო,  80-იან წლებიდან  კი ოფიციალურ პროფესიულ დღედ იქცა.

ონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელებმა მეგზევის დღის ტრადიციაზე, წლის წარმატებული კომპანიებისა და კადრების დაჯილდოვების მნიშვნელობასა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა 2013 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების ამსახველი პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, საგზაო დარგში წარმატებული საქმიანობისათვის დაჯილდოვდნენ საგზაო სფეროში წარმატებული კომპანიები და მეგზევეები, დეპარტამენტის თანამშრომლები და  საგზაო დარგის ვეტერანები.

საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების თავმჯდომარე თამაზ შილაკაძემ საზოგადოების სიგელები და ჯილდოები გადასცა როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, სავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player