Search

3 დეკემბერი, 2013


გზაზე მოცურებულმა მისაბმელიანმა ავტომანქანამ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ჩახერგა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 148 კმ-ზე, სოფელ ხევთან მისაბმელიანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცურების გამო ჩაიხერგა გზის მრუდმოსახვევიანი მონაკვეთი. აღნიშნულ მონაკვეთზე თავი მოიყარა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის კოლონამ. რის გამოც წარმოიქმნა სატრანსპორტო საცობი. ავტომანქანების ინტენსივობიდან გამომდინარე, საცობის მოცულობა და მანძილი სწრაფი ტემპით გაიზარდა. საცობის შედეგად,  გაძნელდა მოცურებული მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გზის სავალი ნაწილიდან გადასაყვანად საჭირო მაშველი ტექნიკის დანიშნულების ადგილამდე მიყვანა და ჩახერგილი მონაკვეთის განთავისუფლება.

აღნიშნულ მდგომარეობას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები. ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზე გრძელდება ინტენსიური  თოვა და ქარი, რის გამოც ხილვადობა ძალიან დაბალია. არსებულ სიტუაციაში საგზაო სამსახურების მიერ ინტენსიურად ხორციელდება გზის გაწმენდისა და სავალ ნაწილზე მარილის მოყრის სამუშაოები.

საგზაო სამსახურები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად, ჩართულები არიან საცობის რეგულირების პროცესში. ჩახერგილ მონაკვეთზე მცირე გასასვლელის მოწყობის გზით, დაიწყო ავტოტრანსპორტის ნაკადების ცალმხრივ კოლონად  გატარება, რათა ტექნიკის ადგილზე მიყვანა და მოცურებული მისაბმელიანი ავტომანქანის გზიდან გადაყვანა გახდეს შესაძლებელი. უღელტეხილზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა თბილისის, გორისა და ზესტაფონის საგზაო ბაზებიდან.

ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო მაღალი გამავლობის ავტოსაშუალებების გარდა, ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player