Search

19 ნოემბერი, 2013


საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეზენტაცია სეულის საერთაშორისო კონფერენციაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი კორეის საერთაშორისო კონტრაქტორების ასოციაციის (ICAK) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებოდა. კონფერენცია სახელწოდებით “თანამშრომლობა გლობალური ინფრასტრუქტურის საკითხებზე(GICC 2013)“ 12–14 ნოემბერს ქ. სეულში გაიმართა და მისი მასპინძელი კორეის მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრო იყო.

კონფერენცია კორეის საერთაშორისო კონტრაქტორების ასოციაციის თავჯდომარემ, კორეის მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ბატონმა სუჰ სეოუნგ-ჰვან და მასპინძელი ქვეყნის სხვა ოფიციალურმა პირებმა გახსნეს.

გიორგი ამაშუკელმა კონფერენციაზე წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

კონფერენციაზე განიხილეს კონკურენტუნარიანობისა და მთავრობის მხარდაჭერის, წყლის რესურსების მენეჯმენტის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საკითხები. ასევე, გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები წინასწარ რეგისტრირებულ 600-მდე კორეელ კონტრაქტორსა და უცხოური პროექტების მფლობელებს შორის. არაერთმა წარმატებულმა კორეულმა კომპანიამ იქვე გამოხატა ინტერესი საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც პირველადი კონსულტაციები ბატონ გიორგი ამაშუკელთან გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ VIP დელეგაციის ტურს, რომელიც მოიცავდა კორეაში განხორციელებული და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმოხილვას. სონდგოს ინტელექტუალური ქალაქის (ინჩეონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა), ინჩეონის ხიდის, გეონჯინის სანაოსნო გზის (არარიუმი), ჯიმპოს აეროპორტის (აეროპორტის სარკინიგზო გზა), გეონჯბოკგანგის სასახლისა და ენ-თაუერის დათვალიერებას.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player