Search

16 ოქტომბერი, 2013


გიორგი ამაშუკელმა ქალაქ ბანგკოკში გაეროს მიერ ორგანიზებულ  ორ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრაზე და აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საინვესტიციო ფორუმზე იმყოფებოდა, რომელიც ბანგკოკში გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ამაშუკელი, აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამუშაო ჯგუფის მეხუთე  შეხვედრაზე წარმოდგენილი 25 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ იქნა არჩეული. შეხვედრას, ასევე, ესწერებოდნენ ევროპის ეკონომიკური კომისიის, აზიის განვითარების ბანკის, Central Consultant Inc-ისა და კორეის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების კორპორაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა, მათ შორის გიორგი ამაშუკელმა, წევრ ქვეყნებში აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს. განიხილეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ის ინიციატივები, რომლებიც აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქსელის გაუმჯობესების ფარგლებში ხორციელდება. 

აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საინვესტიციო ფორუმის პრიორიტეტული თემა ავტომაგისტრალების ინვესტირების გარემოს გაუმჯობესება იყო.

აღნიშნულ ფორუმზე  მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ  პრეზენტაციები ორმხრივი და მრავალმხრივი დონორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ წევრ ქვეყნებში აზიის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტების  ინვესტირების შესაძლებლობებზე. ასევე, გამომსვლელების მიერ წარმოდგენილი იყო წევრ ქვეყნებში ავტომაგისტრალების პროექტების დაფინანსების გამოცდილებისა და ახალი მიდგომების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player