Search

6 სექტემბერი, 2013


საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგზაო ობიექტების მონიტორინგ მორიგი ეტაპი დაიწყო

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ამაშუკელი მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო ობიექტებზე გასვლებს ახორციელებენ.

მონიტორინგის მორიგი ეტაპის ფარგლებში, მათ ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის სამშენებლო მონაკვეთებზე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

აღნიშნულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები ხანგრძლივი უამინდობის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს. კონტრაქტორი კომპანიები  სამშენებლო გრაფიკების დაცვის უზრუნველსაყოფად, ხელსაყრელი კლიმატური პირობების დროს სამუშაოებს საგანგებო რეჟიმში (ორ ცვლაში) ახორციელებენ.

1.ქუთაისის შემოვლითი გზა (სიგრძე 17.3 კმ)

ქუთაისის შემოვლითი გზის 6.7 კმ-იან მონაკვეთზე (კმ10.6-კმ17.3) ბეტონის საფარის დაგება დასრულებულია და  მიმდინარეობს გზის გვერდულების მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. ამ დროისათვის, აღნიშნულ სამშენებლო მონაკვეთზე მოსაწყობი 43 ხელოვნური ნაგებობიდან (წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები) 37-ის მშენებლობა დასრულებულია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გრძელდება ხიდების მშენებლობის სამუშაოები. მდ. ჭიშურაზე, მდ. რიონზე, მდ. ნახშირღელეზე, რიონის არხსა და მდ. წყალწითელაზე მშენებარე ხიდების რკინა-ბეტონის ხიმინჯების მშენებლობა დასრულდა და  მიმდინარეობს ხიმინჯების გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის ფილებისა და ბურჯების დგარების მოწყობის სამუშაოები. პარალელურად,  მიმდინარეობს მომდევნო ეტაპის - ხიდის კოჭების მოწყობის სამუშაოებიც. ამ დროისათვის მდ. ნახშირღელეს ხიდზე დამონტაჟებულია 15 ერთეული კოჭი, ხოლო რიონის არხზე 4 ერთეული კოჭი.

ასევე, ხიმინჯების, რიგელების, ხიმინჯების გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის ფილებისა და ბურჯების დგარების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია სამშენებლო გზის გადამკვეთ 1, 2, 3 და 4  გზაგამტარებზე.

პროექტის დასრულება დაგეგმილია 2013 წლის დეკემბრისთვის.

2.ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთი (სიგრძე 25.6 კმ)

ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის გზის კმ0-კმ15-ზე მიმდინარეობს  მიწის ვაკისის დამუშავებისა და სავალი ნაწილის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული გზის 2.7.კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულია ბეტონის საფარის დაგება.

პარალელურად, მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.  ამ ეტაპზე დასრულებულია 20 წყალგამტარი რკინა-ბეტონის მილის მშენებლობა. ანალოგიური სამუშაოები  მიმდინარეობს 7 წყალგამტარ მილზე.

კმ3-ზე მშენებარე გზაგამტარზე რკ.ბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია (მოეწყო 18 ერთეული ხიმინჯი). ხოლო, გზის კმ12-ზე მშენებარე გზაგამტარზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები გრძელდება (მოწყობილია 5 ერთეული რკინა-ბეტონის ხიმინჯი).

სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია –JV “TODINI ცოსტრუცტიონი Gენერალი SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD” ასრულებს.

პროექტი დასრულდება 2014 წელს და მისი  ბიუჯეტი ორ ვალუტაში – 69,608,678.29 ლარსა და 20,874,558.14 ევროს შეადგენს.

ორივე სამშენებლო პროექტის (ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მშენებლობა) დონორი ორგანიზაცია (JICA) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player