Search

2 აგვისტო, 2013


 საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მედიას  მუშაობის 6 თვის შედეგები გააცნო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მედიას 2013 წლის პირველი ექვსი თვის სტატისტიკური ანგარიში გააცნო. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული 2013 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებთან დაკავშირებით, ასევე ხარჯები, რომელიც გაწეულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, საკონსულტაციო მომსახურებისთვის და ა.შ.

ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის განხორციელებული შესყიდვები, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო აქტივობები 2012-2013 წლებში, ინფორმაცია სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესახებ.

მთავარი მიღწევები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წლისთვის შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომლითაც 

1.       სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება 250 კმ-იან საავტომობილო გზას, 30 საავტომობილო ხიდს და 3 საავტომობილო გვირაბს;

2.      ინტენსიურად გრძელდება ავტომაგისტრალის მშენებლობა - მიმდინარე წელს დაგეგმილია 111 კმ-იანი მოცულობის ავტომაგისტრალის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გაწეული საკასო შესრულება

2013 წლის 6 თვეში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გაწეული საკასო შესრულება შეადგენს 154 მილიონ ლარს, მაშინ, როცა 2012 წლის ამავე პერიოდში შეადგენდა 113 მილიონ ლარს. შესაბამისად, 2013 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირებული საკასო შესრულება 40 მილიონი ლარით, ანუ 36%-ით აღემატება 2012 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გაწეული საკასო ხარჯები

2013 წლის იანვარ-ივნისში დაფიქსირებული საკასო ხარჯი შესრულებული სამუშაოების ნაწილში 32 მილიონი ლარით აღემატება 2012 წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს.

საზედამხედველო მომსახურების საერთო ხარჯი

2013 წლის I-II კვარტლებში დაფიქსირებული საზედამხედველო მომსახურების საერთო ხარჯი 1,6 მილიონი ლარით, ხოლო პროექტირებაში გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება 2,16 მილიონი ლარით აღემატება 2012 წლის შესაბამის პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს.

ტენდერები

2013 წლის პირველ 6 თვეში ტენდერის საშუალებით განხორციელებული შესყიდვები 21 ერთეულით აღემატება, ხოლო გამარტივებული წესით შესრულებული შესყიდვების რაოდენობა 28 ერთეულით ნაკლებია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებზე. მნიშვნელოვანია, რომ გამარტივებულ შესყიდვებზე გვაქვს მკვეთრი კლება, ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უარი თქვა ამ მანკიერ პრაქტიკაზე.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა

2013 წლის I-II კვარტლებში სამშენებლო აქტივობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 111 კილომეტრზე მიმდინარეობს, რაც 34 კილომეტრით აღემატება 2012 წლის იდენტური პერიოდის მონაცემებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2012 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა გაიხსნა მხოლოდ გზის კილომეტრნახევრიან  მონაკვეთზე, მაშინ, როცა 2013 წელს დაგეგმილი გვაქვს მოძრაობის გახსნა 52 კილომეტრზე.

რეაბილიტირებული გზები

დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით, 2013 წლის პირველ 6 თვეში, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეაბილიტირებულ იქნა 24 კილომეტრით მეტი საავტომობილო გზა და ათვისებული იქნა 14,5 მილიონი ლარით მეტი ფულადი სახსრები.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player