Search

25 მარტი, 2013


 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

საქართველოს პრეზიდენტის მიერ  გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მიმართულებით წელს ზამთრის პერიოდში გზა არ იწმინდება და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას აუწყებს, რომ 2007 წლის სექტემბერს საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მიერ დამტკიცდა საავტომობილო გზების საუღელტეხილო მონაკვეთების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთრის პერიოდში მოვლა-შენახვას არ ექვემდებარება. მათ შორის არის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე არსებული ტიკმანტაჟის 12 კმ-იანი საუღელტეხილო (ნარდევანი-როდიონოვკის) მონაკვეთი, რომელიც აღნიშნულ განცხადებაში იგულისხმებოდა.

ტიკმანტაჟის უღელტეხილი  ზამთრის პერიოდში ხასიათდება ინტენსიური ქარბუქებით, რაც იწვევს უხვ ნამქერს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და ასევე, ხილვადობის მინიმუმამდე დაქვეითებას. აღნიშნულ პირობებში მგზავრთა გადაადგილება საფრთხის მომცველია და შესაბამისად, ამ მონაკვეთზე, წლების მანძილზე, რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატიურად იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

2008 წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 31 მარტს;  2009 წელს-13 აპრილს;  2010 წელს  - 1 აპრილს;  2011 წელს - 1 აპრილს,  ხოლო გასულ წელს (2012 წელს ) მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 7 აპრილს.

აღნიშნულ გზაზე, დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია. ხოლო, სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხორციელდება ალტერნატიული, ხაშური-ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზით.

აღსანიშნავია, რომ კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზას 2009-2011 წლებში ფონდ ‘ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს’ მიერ ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავდა სავალი ნაწილისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ხოლო ზამთრის პერიოდში განვლადობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნამქერსაწინააღმდეგო ნაგებობების მოწყობა არ განხორციელებულა. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player