Search

20 მარტი, 2013


 ინტერვიუ ზაქარია ხუნძაყიშვილთან - გაზეთი ‘ახალი თაობა’

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბრიდან  დღემდე  სულ 115 ტენდერია გამოცხადებული.  მათ შორის:  დონორი  ორგანიზაციების  მიერ  დაფინანსებულ  პროექტებზე - 17 საერთაშორისო ტენდერი. ხოლო საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ საგზაო პროექტებზე - 98  ადგილობრივი ტენდერი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დასრულებული  ტენდერების შედეგად და წინა წლიდან გარდამავალი პროექტების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სხვადასხვა სამუშაოები (მშენებლობა–რეაბილიტაცია) 79 ობიექტზე მიმდინარეობს. თუმცა, ასეთი მასშტაბები ჯერჯერობით შესამჩნევი არ არის.

სად რა საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს და რა იგეგმება წლის განმავლობაში ამ საკითთან დაკავშირებით, გთავაზობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ზაქარია ხუნძაყიშვილთან ინტერვიუს:

 

ჯერჯერობით საგზაო სამუშაოების მასშტაბურობა არ ჩანს. უფრო კონკრეტულად, რამდენ გზაზე დაიწყო სამუშაოები?

 

ამ პერიოდისათვის, სეზონს ვგულისხმობ, ძირითადად, ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ისეთი თვალსაჩინო არ არის საზოგადოებისათვის, როგორც გზის დაგების პროცესია. ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და გზის საფარის მოწყობის  სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის შემოვლით გზაზე, ქუთაისის შემოვლით და სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე; რუისი-აგარას 19 კმ-იან მონაკვეთზე; თბილისის შემოვლით გზაზე. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება სვენეთი-რუისის მონაკვეთზე, სადაც გორის გვირაბების პორტალებზე თანამედროვე ტექნოლოგიით ხორციელდება ფერდობების მოწყობა და ლიახვის ხიდების გასწვრივ სარეგულაციო კედლები შენდება. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე, ანუ ახალ 18 კმ-იან მონაკვეთზე ამდროისთვის დასასრულს უახლოვდება განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურები და პირველი 6 კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები მარტის ბოლომდე დაიწყება;  როგორც კი თოვლის საფარი აღარ იქნება და კლიმატური პირობები საშუალებას მისცემს მშენებელს, დაიწყება გველეთის ხიდის  მშენებლობა.

ერთი კვირის წინ, საერთაშორისო სატენდერო პროცედურები დასრულდა და ამ დღეებში  მშენებლობის პროცესი დაიწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე, რომელიც მოცულობითა და ბიუჯეტით წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. ამ პროექტის ღირებულება 118.462.944,42 ლარია.  

 

ეს რაც შეეხება დიდ პროექტებს, მაგრამ რეგიონებში გზების რეაბილიტაცია ყველაზე აქტუალური თემაა. ამ მხრივ რა სურათი გვაქვს?

ვიცით რომ ეს ერთ-ერთი აქტუალური და პრობლემური თემაა რეგიონებში. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია იმ რეგიონებში, სადაც ამინდი იძლევა სამუშაოების წარმოების საშუალებას. ჩვენ, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენი ვებგვერდის ფოტოგალერეის განყოფილებაში - ‘მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების’ ალბომში ვათავსებთ საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ფოტომასალას, სადაც ჩანს სად რა სამუშაოები მიმდინარეობს.  ამდროისთვის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ შედარებით დიდ პროექტებზე მოგაწვდით ინფორმაციას: დაიწყო გომი-საჩხერის გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც სამ სოფელს: გორისას, მეჯევსა და წითელ სოფელს გაივლის. თუმცა, ამ გზის სხვა მონაკვეთების რეაბილიტაციის საკითხსაც განვიხილავთ. მიმდინარეობს მდინარე ჭოროხზე 473 მეტრიანი, 8 მალიანი ხიდის კაპიტალური რეაბილიტაცია; უახლოეს პერიოდში იწყება წნორი-დედოფლისწყარო-ქვემოქედის გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც ორ სოფელს - არხელოსკარსა და ქვემოქედს აკავშირებს; იწყება იგოეთი-ახმაჯის 9,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც ახალგორის რაიონს ესაზღვრება. ამ გზის ბოლო 3 კილომეტის რეაბილიტაციას ვერ ვახორციელებთ, რადგან კონფლიქტის ზოლშია მოქცეული.

როგორც კი კლიმატური პირობები გაუმჯობესდება, ვიწყებთ გუდაური-კობის 11,3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, სადაც ბეტონის გზა დაიგება. ამ საკმაოდ დიდი პროექტის  ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 ისტორიულ ქვის თაღოვან ხიდს, რომლებიც 1864 წელსაა აშენებული და 3 არსებულ გვირაბს. ასევე, გუდაური-კობის მონაკვეთზე აშენდება 1 ახალი ხიდი.

გარდა ამისა, გრძელდება ტენდერების გამოცხადება სხვა გზებზე განსახორციელებელ სამუშაოებზე. მინდა გითხრათ,რომ წლის  განმავლობაში 250 კმ. გზის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი და ყველა პროექტის მიმდინარეობის გრაფიკი მკაცრად გაკონტროლდება.  გამოდარებასთან ერთად, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობა უფრო შესამჩნევი იქნება და გარკვეული დროის მანძილზე დისკომფორტსაც შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, რისთვისაც წინასწარ ვუხდით ბოდიშს.

 

ავტორი შორენა მარსაგიშვილი 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player