Search

10 აგვისტო, 2012


ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტო-მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. რუისი-აგარას მონაკვეთზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი  დაესწრნენ. პროექტი ითვალისწინებს 19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციას. მათ შორის 11 კმ არსებული გზის  4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ სიგრძის სრულიად ახალი აგარის შემოვლითი ავტო-მაგისტრალის მშენებლობას. რუისი-აგარას 19 კმ-იანი მონაკვეთი, რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია.

პროექტი, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, ჩინური კომპანია ”ჩაინა ნუკლეარ ინდუსტრი 23 კონსტრაკშენ კომპანი” ახორციელებს,  მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნ ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებზე  პირდაპირ და ირიბად 1500 ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი გზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. ავტო-მაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო  სტანდარტებს გაუთანაბრდება, რაც ავტომობილით გადაადგილებას სწრაფს, უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 4 სატრანსპორტო კვანძი, აშენდება ორი 184 მეტრიანი და 144 მეტრიანი სახიდე გადასასვლელები მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე. იგეგმება  91 მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა. ასევე მოეწყობა: რკინა-ბეტონის საველე გასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელები (რომელთა მეშვეობითაც, მოსახლეობას გზის მეორე მხარეს განთავსებულ ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ექნება),  ხელოვნური ნაგებობები და დამონტაჟდება წყალგამტარი მილები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, რომლის ექსპლუატაციის ვადაც 32 წლია.

პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩქაროსნული გზატკეცილის სხვა სეგმენტებზეც. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ქუთაისის და ქობულეთის შემოვლით გზაზე და უახლოეს პერიოდში დაიწყება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ასევე, E–60 ჩქაროსნული მაგისტრალის  შემადგენელი ნაწილი იქნება.

 

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player