Search

28 ივნისი, 2012


დღეს,  საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას  შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებისათვის“  საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე იმნაძემ. ხელმოწერის ცერემონიას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდა.

დაფინანსების ხელშეკრულება ითვალისწინებს  მსოფლიო ბანკის მიერ 43 მლნ აშშ დოლარის ოდენობით გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე პროექტი“- ის  გასაგრძელებლად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის  რუისი-აგარას  11 კმ-იანი არსებული მონაკვეთის  რეაბილიტაცია-მშენებლობა  და ოთხზოლიან ავტომაგისტრალად რეკონსტრუქცია და აგარას 8 კმ-იანი ახალი შემოვლითი, 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა.   გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას, რომლის საერთო სიგრძეც  19 კმ იქნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. გზაზე აშენდება ორი 140 მეტრიანი პარალელური ხიდი მდინარე ფცაზე და ორი პარალელური 185 მეტრიანი ხიდი მდინარე ფრონეზე. მოეწყობა ერთი 81 მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარი და აშენდება 5 ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი (გზაგამტარი). გზაზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა  სანიაღვრე არხები. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურა. მშენებლობაზე პირდაპირ და ირიბად 2000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობაა.
 
 
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player