Search

7 ივნისი, 2012


ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან მალე მომსახურებისა და დასვენების ახალი კომპლექსი ამოქმედდება. დღეს,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თბილისის შემოსავლელ გზაზე, ლოჭინის კვანძთან მშენებარე კომპლექსში მიმდინარე  სამუშაოები პირადად დაათვალიერა.  
ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული მომსახურებისა და დასვენების კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ძირითადი შენობის კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია. შენობა გაილესა, გაყვანილია გათბობისა და სავენტილაციო სისტემები. უკვე დასრულდა კომპლექსში განლაგებული სანიტარული კვანძების, გაზგასამართი და ბენზინგასამართი სადგურების და ნახევრად ღია საპიკნიკე ობიექტის მშენებლობა. მიმდინარეობს  შენობების შემინვა, ტერიტორიის გამწვანება და გაზგასამართი სადგურის სახურავის დასხმა, რის შემდეგაც კომპლექსის მთელი ტერიტორია მოპირკეთდება და დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ლოჭინის მომსახურებისა და დასვენების კომპლექსში განლაგდება: სწრაფი კვების ობიექტი, მინი რესტორანი, საბანკო მომსახურეობის მცირე ოფისი, მარკეტი.  ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, მოეწყობა სპეციალური სავაჭრო ფართი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისათვის. ობიექტი აღჭურვილი იქნება სამი კატეგორიის, ფართო მოცულობის  ავტოსადგომებით მსუბუქი ავტომობილებისათვის, ავტობუსებისათვის და სამარშრუტო ტაქსებისათვის. ასევე, ცალკე იქნება გამოყოფილი ადგილი, სატვირთო მისაბმელიანი მანქანების გასაჩერებლად. 
პროექტს, რომელზეც 200-მდე ადამიანია დასაქმებული შპს. "პმ მოტორსი" ახორციელებს. მშენებლობას ზედამხედველობას და კოორდინირებას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.  მსგავსი ტიპის მომსახურებისა და დასვენების  ცენტრების მშენებლობა საქართველოს მასშტაბით, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, სულ 16 ადგილზეა დაგეგმილი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player