Search

11 მაისი, 2012


 ევროპის საინვესტიციო ბანკი სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობისათვის საქართველოს დაფინანსებას გამოუყოფს. საგრანტო ხელშეკრულებას დღეს, ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა მოაწერეს, ხოლო სასესხო ხელშეკრულებას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა. საგრანტო ხელშეკრულება 20 მლნ ევროს გამოყოფას, ხოლო სასესხო ხელშეკრულება 170 მლნ ევროს გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით გადმოცემას ითვალისწინებს. 

გზის აღნიშნული მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტია. საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობას, რომლის სიგრძეც დაახლოებით 70 კმ იქნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურა. მშენებლობაზე პირდაპირ და ირიბად 5000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა. სამტრედია-გრიგოლეთი-ჩოლოქის გზა გაამარტივებს გადაადგილებას, ხელს შეუწყობს კურორტ გრიგოლეთში ტურიზმის განვითარებას და იმერეთისა და გურიის რეგიონების ეკონომიკურ წინსვლას.

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player