Search

18 აპრილი, 2012


აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დამატებით დაფინანსებას გამოყოფს. ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ ხელი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქსიაო ჟაომ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ ქობულეთში მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო.

ქობულეთის შემოვლითი გზა აჭარის შემოვლითი გზის ერთ-ერთი სეგმენტია. აღნიშნული გზის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სამი სატრანსპორტო კვანძი, 5 სახიდე გადასასვლელი და 5 მშრალ ხევზე გამავალი ხიდი. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების სიახლოვეს იწყება, 20-მდე სოფელს გაივლის და მახინჯაურში დასრულდება.

დამატებითი დაფინანსება ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის სრულყოფილად დასრულების მიზნით ხორციელდება. დაფინანსების პირველ ეტაპზე დაიწყო ქობულეთის 12,4 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე ჩაქვი მახინჯაურის 3 კმ-იანი, 2 ზოლიანი გზის 4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებაც. სამშენებლო სამუშაოები პროექტზე ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს.

ქობულეთის შემოვლითი გზა მეტად მნიშვნელოვანია რადგან, მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ საკურორტო დაბა ქობულეთი სატრანზიტო მოძრაობისაგან მთლიანად განიტვირთება, რაც დაბაში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, ტურისტთა მოზიდვას და კომფორტულ გადაადგილებას და ინვესტიციების წახალისებას შეუწყობს ხელს.

პროექტზე პირდაპირ და ირიბად 1000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა 70% ადგილობრივი მოსახლეობაა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player