Search

17 თებერვალი, 2012


საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში დღეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილი ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად მივიდა და სიმბოლურად, ტრაქტორით პირველი თხრილიც გააკეთა.
ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება იაპონიის მთავრობის (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  მეშვეობით) და საქართველოს მთავრობის მიერ.
ქუთაისის 17.3 კმ-იანი ახალი შემოვლითი გზა E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის - იმერეთის 59 კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც დაიწყება ზესტაფონიდან, გაივლის ქალაქ ქუთაისს, სამტრედიას და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე დასრულდება. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი სრულიად ახალი, 2 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. საგზაო მონაკვეთებზე დაიგება ცემენტ-ბეტონის, ხოლო ხიდებსა და საგზაო კვანძებზე ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება 6 ხიდი, რომელთაგან ერთი სარკინიგზო გზაგამტარი იქნება, მოეწყობა 4 სატრანსპორტო კვანძი, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული გზა იმერეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისი, ზესტაფონი და სამტრედია სატრანზიტო მოძრაობისაგან განიტვირთება. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურაც. ისევე, როგორც E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე, ქუთაისის შემვლითი გზის სატრანსპორტო კვანძებზეც აშენდება დასვენებისა და მომსახურების მულტიფუნქციური ცენტრები და დასქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. გზის მშენებლობის სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player