Search

28 ნოემბერი, 2011


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ორი 800 მეტრიანი გვირაბის, 30 კმ საავტომობილო გზის და ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული ორი ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური მომსახურების კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია.

სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთი E-60 მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელზეც დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ძირითადი სატრანზიტო მოძრაობა ხორციელდება. გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია ამიერკავკასიაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და საგზაო - სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. მათ შორის: გზის, ორი 800 მეტრიანი გვირაბისა და ორი, პარალელური 880 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობას. ამჟამად დასრულებულია ორი 800 მეტრიანი გვირაბისა და გზის მშენებლობა. 30 კმ -ზე, გზის ორივე მიმართულებით დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, რომლის ექსპლუატაციის ვადა, 32 წელია. მოეწყო მიწისქვეშა გადასასვლელები, სანიაღვრე სისტემები და წყალგამტარი მილები. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავტობანზე, გორის მიმართულებით, იგოეთთან 1 სრულიად ახალი ხიდი აშენდა, ასევე ახალი ხიდი აშენდა მდ. ლიახვზე და დაიგო მასთან მისასვლელი 2კმ. გზა. გზის, გვირაბებისა და ხიდების მშენებლობაზე 1500-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.

მულტიფუნქციური მომსახურების კომპლექსში, რომელიც კომპანია ,,ვისოლმა'' ააშენა, განთავსებულია "ვისოლის" ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, სპეციალური სავაჭრო ფართი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისათვის, "ვისოლის" ავტოექსპრესი, სუპერმარკეტი "სმარტი" და "სმარტ კაფე". "სოკარის" მიერ აშენებულ მულტიფუნქციურ მომსახურების კომპლექსში განთავსებულია ბენზინგასამართი სადგური, ჰიპერმარკეტი "გუდვილი", სწრაფი კვების ობიექტები, სავალუტო, საბანკო, ტურისტული მომსახურების და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

ორივე ობიექტი აღიჭურვილია სამი კატეგორიის, ფართო მოცულობის ავტოსადგომებით, მსუბუქი ავტომობილებისათვის, ავტობუსებისათვის და სამარშრუტო ტაქსებისათვის. ასევე, ცალკეა გამოყოფილი ადგილი, სატვირთო და მისაბმელიანი ავტომანქანების გასაჩერებლად.

მსგავსი ტიპის მომსახურებისა და დასვენების კომპლექსების აშენებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ 16 ადგილზე გეგმავს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player