Search

16 ნოემბერი, 2011


საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ყვარელში "ილიას ტბის" საზეიმო გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ წელს კახეთის რეგიონში აღმშენებლობის პროცესი წარმოუდგენელი მასშტაბით გაიშლება და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალი ტურისტული კომპლექსები მრავლად აშენდება. მომავალი წელი კახეთის რეგიონისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივებისთვის ეს სიახლე არამარტო სასიამოვნო დასვენების საშუალება, არამედ ახალი შემოსავლის წყაროც გახდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით "ილიას ტბის" რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შემდეგი სამუშაოები განხორციელდა: ილიას ტბასთან მისასვლელ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი; გაკეთდა წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა; მოეწყო ველო-ბილიკი, რომლის სიგრძე 2.3 კმ-ია; გაკეთდა ამფითეატრი და ავტოსადგომი; ასევე, ხელოვნური კუნძულები მასთან მისასვლელი ხიდებით; მოეწყო სანაპირო ზოლი სათვალთავლო კოშკით და თევზსაჭერი პირსებით; გაკეთდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები და ჩოგბურთის კორტები; მოეწყო კაფე, რესტორანი და მასთან მისასვლელი გზა; ასევე, სკვერი საჩრდილობლებით და საბავშვო ატრაქციონებით; აშენდა ნავებისა და ველოსიპედების გასაჩერებელი შენობა; მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათებები.

"ილიას ტბის" გახსნის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი დაესწრნენ. პრეზიდენტმა აღნიშნულ პირებსა და "ილიას ტბის" რეაბილიტაციაში მონაწილე მშენებლებს განსაკუთრებული მადლობა გამოუცხადა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player