Search

18 ოქტომბერი, 2011


საჩხერის  2 ცენტრალური ნაწილი ერთმანეთს 2 ახალი ხიდით დაუკავშირდება. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიასთან ერთად, საჩხერეში სახიდე გადასასვლელებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

2 წლის წინ, საჩხერეში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საავტომობილო ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო, რის შედეგადაც   ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლა  მოსახლეობას ამორტიზებული შემოვლითი გზით   უხდებოდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავდაპირველად 4 კმ-იანი შემოვლითი გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რის შემდეგაც საჩხერეში, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 56-ე კილომეტრზე, მდინარე ყვირილაზე 2 ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე სამმალიანი საავტომობილო ხიდი შენდება, რომლის  სიგრძე -  56, სავალი ნაწილის სიგანე კი 16 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია ბურჯების მონტაჟი, სანაპირო კედლების მშენებლობა, მოაჯირების მოწყობა და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება.  საავტომობილო ხიდიდან 100 მეტრის დაშორებით საფეხმავლო ხიდი უკვე  აშენდა, რომლის სიგრძეც ასევე - 56, სიგანე კი 5 მეტრია. შედეგად, მოსახლეობა, რომელსაც ქალაქის ცენტრალურ ბაზართან დასაკავშირებლად 4 კილომეტრის გავლა უხდებოდა, დღეიდან უპრობლემოდ შეძლებს გადაადგილებას.

პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player